ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი თიკო ერაძე და „ტვ პირველის“ საინფორმაციოს უფროსი ნოდარ მელაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება თიკო ერაძის ფეისბუქ სტატუსს მოჰყვა, სადაც ის წერს, რომ „ჟურნალისტიკა სხვა ბევრ რამესთან ერთად არის ეთიკა და ქცევის წესები“, რითაც ის მიუთითებს, რომ მეუფე იობის ინტერვიუ მან შეათანხმა და არის „დროების“ მასალა.
ამავე პოსტში ერაძე აღნიშნავს: „საიდანღაც მოვარდა ადამიანი, გადაიღო ტელეფონით და ატვირთა, სანამ “დროების” ეთერში გავიდოდა. მეგობრებო, არაეთიკურია ეს ყოველივე, ასე მოქცევა არ შეიძლება. კადრშიც ჩანს ყველაფერი“.
ერაძე გარკვევით ამბობს, რომ ინტერვიუ არის “დროების” და ყველას მოუწოდებს, მიუთითონ წყარო. რაზეც, „ტვ პირველის“ საინფორმაციოს უფროსი ნოდარ მელაძე პასუხობს, რომ მასთან არავინ მივარდნილა.
„გიორგი დვალიშვილი ტვ პირველის ახალი ამბების ჟურნალისტი შიდა ქართლში, მოვიდა და ჩაწერა, კომენტარი. ცხადად ისმის მისი კითხვები. ჩაწერა ტელეფონით იმიტომ რომ არ გვყავს ოპერატორი გორში! თქვენი ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტები მობილურით როდესაც წერენ სინქრონებს “მოვარდნილები არიან?” წინა წირვაზეც და იმის წინა წირვაზეც, მეუფე იობთანაც და მეუფე იასაიასთან, გიორგი იყო, გადაიღო ჩაწერა და გავუშვით, მხოლოდ ჩვენ არა, თქვენს ტელევიზიასაც გავუზიარეთ, სანამ კოლეგას “მოვარდნილს” დაუძახებ, იქნებ გაარკვიო.“- წერს ამავე პოსტის კომენტარში ნოდარ მელაძე.
„ფორმულას“ ჟურნალისტი მელაძეს ჩაწერის წესებს და მუშაობის სტანდარტებს უხსნის. ერაძე ამტკიცებს, რომ ჩაწერის დროს მასთან ერთად არავინ მდგარა და მეუფე მხოლოდ მას დათანხმდა ჩაწერაზე. ასევე, წერს, რომ მხოლოდ ინტერვიუს დაწყების შემდეგ ესმის კითხვები, თან იმ დროს, როცა მის კითხვას პასუხობს.
„გაზიარება თუ გინდოდათ, მოგეწერათ და მოგცემდით კამერით ჩაწერილ მასალას კვირას. შენს ჟურნალისტებს აუხსენი, როგორ უნდა მოიქცნენ გადაღებაზე, მე არავის ახსნა არ მჭირდება არც კოლეგიალურობაზე და არც ეთიკაზე. თქვენს შეთანხმებულ ინტერვიუში რომ მოვიდე და ჩავხტე, დაახლოებით ვხვდები რა რეაქციაც გექნებათ. ეს არის უწესობა, არაეთიკურობა და არაკოლეგიალურობა, ინტერვიუს შეთანხმების დროს არავინ იქ არ ყოფილა, მე ვიყავი მხოლოდ და მე დამთანხმდა მხოლოდ ადამიანი, როგორც ჩანს, ეთიკა და წესები სხვადასხვანაირად გვესმის.“- წერს თიკო ერაძე.
თავის მხრივ მელაძე პასუხობს, რომ „მეუფეები ასე არ ჩერდებიან“. არამედ „გამოვიდა ჩაეწერა ყველას და წავიდა“.
„შენი შეთანხმებული ინტერვიუ იქნება ეპარქიაში რომ ჩამოგიჯდება და წირვის შემდეგ კომენტარზე რომ დგება, სადაც შენთან ერთად ბევრი სხვა ჟურნალისტი ელოდება ის არის კომენტარი. მადლობა ნახვამდის“- აცხადებს მელაძე


