სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერი გიორგი გაბუნია გამოეხმაურა.
გაბუნიას თქმით, ყველაზე დიდი აჟიოტაჟი და წუხილი ოპონენტებისა გამომდინარეობს იქიდან, რომ მათი მთავარი პროპაგანდისტული თეზა ინგრევა, თითქოს საქართველოს არავინ ელაპარაკება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება იზოლაციაშია.
„რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ანახებს, რომ ეს არის აბსოლუტურად ცრუ პროპაგანდა, რომლითაც ცდილობენ გარკვეული ძალები და ოპონენტები საზოგადოება მოატყუონ“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
ვის შეხვდა სუს-ის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა იყო განხილვის თემა – საკითხი ოპოზიციის მხრიდან გააქტიურდა. ამბობენ, რომ მამუკა მდინარაძე შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორს ტულსი გაბარდს შეხვდა.
სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.


