გუშინდელი აქცია ნამდვილი ტექნოლოგიური და ვიზუალური ტრიუმფი იყო! იმისთვის, რომ „ზღვა ხალხი“ როგორმე აღქმადი გამხდარიყო, დრონები მაქსიმალურად დაბალ სიმაღლეზე ჩამოაფრინეს, თუმცა რეალური ხსნა გრძელმა ჩრდილებმა მოიტანეს, – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი შეფასებით, გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციის მთავარი რესურსი არა მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები, არამედ ხალხმრავლობის შექმნის მცდელობა და 4 ოქტომბრის მსგავსი სცენარების განმეორებაა.
„გუშინდელი აქცია ნამდვილი ტექნოლოგიური და ვიზუალური ტრიუმფი იყო! იმისთვის, რომ „ზღვა ხალხი“ როგორმე აღქმადი გამხდარიყო, დრონები მაქსიმალურად დაბალ სიმაღლეზე ჩამოაფრინეს, თუმცა რეალური ხსნა გრძელმა ჩრდილებმა მოიტანეს.
კადრში აშკარად ჩანდა: დგას ერთი კაცი, მაგრამ მისი ჩრდილი სამ ადამიანს ფარავს! აი, თურმე საიდან მოდის ეს „მილიონიანი მუხტი“, ოპოზიციამ ხალხის რაოდენობა კი არ გაზარდა, ჩრდილები დაითვალა!
„ზღვა“ და „მდინარე“ ხალხი?
დავიწყოთ იმით, რომ აქციას „ზღვა“ ან „მდინარე ხალხი“ კი არა, საუკეთესო შემთხვევაში „წვიმის შემდეგ დარჩენილი პატარა გუბე“ ან „ოდნავ მოწუწუნე წყარო“ ითქმის. ისეთი ნაკადული იყო, ქუჩის გადაკვეთაც კი ვერ შეაფერხა, არათუ „რეჟიმის შერყევა“ ხალხის ნაკადი იმდენად მჭლე იყო, რომ ფოტოგრაფები კადრს კუთხიდან კუთხეში დასდევდნენ, ეგებ სადმე 5 კაცი ერთად დაეფიქსირებინათ.
- მოითმინეთ, მთავარი ჯერ წინ არის! ოპოზიციური ალიანსი თურმე 28 ნოემბერს გეგმავს კულმინაციას , ცნობილი 4 ოქტომბრის გრანდიოზულ „რიმეიქს“.
თუ პირველად არაფერი გამოვიდა, მეორედ ზუსტად იგივე უნდა გაამეორო და განსხვავებულ შედეგს ელოდო! ალბათ 28 ნოემბრისთვის სპეციალურად შეუკვეთავენ უფრო ძლიერ პროჟექტორებს, რომ ჩრდილები კიდევ უფრო გაგრძელდეს და დრონის კადრში ერთი კაცისგან მთელი კოჰორტა მივიღოთ. - გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია!“ – წერს სადღობელაშვილი.




