საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიგრაციის საკითხის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს. იგი აღნიშნავს, რომ მიგრაციისა და მიგრაციული პოლიტიკის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია და კონკრეტულ მონაცემებს ასახელებს.
„მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3,914,000-ს შეადგენს, საიდანაც უცხოელი მაქსიმუმ 257 ათასი, ანუ მოსახლეობის 6.6 პროცენტია. დაზუსტებისთვის, ამაში შედის ყველა უცხოელი, საქართველოში არალეგალურად მყოფი მიგრანტების ჩათვლით”, – აღნიშნავს პრემიერი.
მისი განცხადებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაზუსტებულ მონაცემებს რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებს. პრემიერს აქვე მოქალაქეობის მიხედვით კონკრეტული მონაცემებიც მოჰყავს.
„მანამდე, საქართველოში მცხოვრები უცხოელების სავარაუდო რაოდენობა საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ. ამ მონაცემების თანახმად: – საქართველოში მყოფი უცხოელების დაახლოებით 70 პროცენტი (ანუ 180 ათასი ადამიანი) პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოქალაქეები არიან: – აქედან, სულ მცირე 40 ათასი ადამიანი საქართველოს ყოფილი მოქალაქე ან/და ქართული გვარის მქონეა; – საქართველოში მცხოვრები უცხოელების 7.4 პროცენტს თურქები, ხოლო 3.7 პროცენტს ირანელები შეადგენენ,
ანუ, გავრცელებული სპეკულაციების წინააღმდეგ, რეგიონის ამ ორი ქვეყნის ჯამური წილი საქართველოს მოსახლეობაში 0.7 პროცენტია; – ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი და ქუვეითი, მიგრანტები პრაქტიკულად საერთოდ არ გვყავს, რაც, სპეკულაციებით დაკავებული პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საქმეში ჩახედული ადამიანისთვის სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.


