29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
spot_img
მთავარიმნიშვნელოვანიმაკრონი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ

მაკრონი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გუშინ, ახალ დელიში ხელოვნური ინტელექტის სამიტზე, განცხადება გააკეთა, რომელმაც მოიცვა საერთაშორისო მედიასივრცე. მაკრონის თქმით, სოციალური მედიის პლატფორმების მიერ სიტყვის თავისუფლების დაცვა „წმინდა წყლის სისულელეა”, თუკი ეს თავისუფლება „ერთი სიძულვილის ენიდან მეორეზე” გადაჰყავს ადამიანებს, ხოლო ალგორითმები, რომლებიც ამ პროცესს მართავს, სრულიად გაუმჭვირვალეა.

განცხადება მოხდა ისეთ ფონზე, როცა ევროპა და ამერიკა ციფრული რეგულირების საკითხზე სულ უფრო მწვავედ უპირისპირდება ერთმანეთს. საფრანგეთის პროკურატურამ თებერვლის დასაწყისში ილონ მასკის X-ის (ყოფილი Twitter) პარიზის ოფიში ჩხრეკა ჩაატარა, ევროკავშირი კი ციფრული სერვისების აქტის ფარგლებში მილიარდელი მასკის X-ის გამოძიებას აწარმოებს.

ამერიკელმა კომიკოსმა რობ შნაიდერმა სოციალურ ქსელში მაკრონი მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ სიტყვის თავისუფლება ნიშნავს „ნებისმიერ სიტყვას” — და თუ მთავრობა თავად წყვეტს, რა არის დასაშვები და რა არა, ის ყოველთვის იმ სიტყვას ჩაახშობს, რომელიც ხელისუფლებას არ აწყობს. კონსერვატიულმა კომენტატორმა იან მაილს ჩეონგმა აღნიშნა, რომ მაკრონი სიტყვის თავისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში სცნობს, თუკი მას თავად აკონტროლებს — რაც, მისი თქმით, თავისუფლებას სრულიად უშინაარსოს ხდის.

საფრანგეთის შიგნით ოპოზიციამ განმარტების მოთხოვნით გამოვიდა — მათ მაკრონის სიტყვები საფრანგეთის კონსტიტუციური ვალდებულებების, თავისუფლებისა და რესპუბლიკური ღირებულებების საწინააღმდეგოდ შეაფასეს.

უნდა ითქვას, მაკრონის არგუმენტს საკუთარი ლოგიკა აქვს: ალგორითმების გაუმჭვირვალობა მართლაც პრობლემაა, და როცა მომხმარებელს წარმოდგენა არ აქვს, როგორ ხვდება იმ კონტენტთან, რომელსაც ხედავს, დემოკრატიისთვის ეს რისკის შემცველია. მაგრამ პრობლემა იქ იწყება, სადაც „საზოგადოებრივი წესრიგის” სახელით სახელმწიფო იღებს უფლებას, განსაზღვროს, რომელი აზრია მისაღები და რომელი – არა. ამავე ლოგიკით, საინტერესოა ისიც ვინ არის ის მსაჯული, რომელიც კრიტიკასა და „სიძულვილის ენას” შორის საზღვარს გაავლებს?

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული