31 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკადავით ჩიხელიძე რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: თუ ომი არ დაიწყებოდა, იქნებოდა თუ არა...

დავით ჩიხელიძე რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: თუ ომი არ დაიწყებოდა, იქნებოდა თუ არა საერთოდ საუბარი ევროკავშირის გაფართოებაზე იმ მასშტაბით, როგორც ეს 2022 წლის შემდეგ ვიხილეთ? თავად ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ისმის აღიარება, რომ სწორედ ომი გახდა გაფართოების დღის წესრიგის განმაპირობებელი ფაქტორი

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული კითხვები კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ჩიხელიძის შეფასებით, ევროპარლამენტარის განცხადება, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში ახალი წევრების მიღებაზე რეალური საუბარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა, აჩენს კითხვას, რამდენად იყო ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის მანამდე.

„ ომი, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა!?
ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ბოლო განცხადებამ კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ევროკავშირში ახალი წევრების მიღებაზე რეალური საუბარი მხოლოდ 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო, მანამდე კი შესაბამისი პოლიტიკური ნება პრაქტიკულად არ არსებობდა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თავად ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ისმის აღიარება, რომლის მიხედვითაც სწორედ ომი გახდა ევროკავშირის გაფართოების დღის წესრიგის განმაპირობებელი ფაქტორი. ეს კი ბუნებრივად აჩენს კითხვას, თუ ომი არ დაიწყებოდა, იქნებოდა თუ არა საერთოდ საუბარი ევროკავშირის გაფართოებაზე იმ მასშტაბით, როგორც ეს 2022 წლის შემდეგ ვიხილეთ?
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ღიად ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ომზე გადის და განვითარებაზე და მშვიდობაზე! მისი აღიარება მტკიცებულებაა, რომ ევროკავშირის რიტორიკა ყალბი იყო, როდესაც გარკვეულ ილუზიებს ქმნიდა, თითქოს ევროკავშირი მზად იყო ახალი წევრების მისაღებად. შესაძლოა, ომი გარკვეული ევრობიუროკრატებისთვის ახალი პოლიტიკური თუ ფინანსური შესაძლებლობა იყოს, მაგრამ აბა უკრაინელ ხალხს ჰკითხეთ, რას ნიშნავს ომი. ჰკითხეთ იმ მშობლებს, რომლებმაც შვილები დაკარგეს, იმ შვილებს, რომლებმაც მშობლები დაკარგეს, იმ მეუღლეებს, რომელთა ოჯახები სამუდამოდ დაინგრა. მათთვის ომი არ არის შესაძლებლობა, ომი არის ტრაგედია, ტკივილი და განადგურებული სიცოცხლეები. აღარაფერს ვამბობთ იმ კოლოსალურ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ ზიანზე, რომელიც უკრაინამ ამ წლების განმავლობაში განიცადა.
იუკნევიჩიენეს განცხადება კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვას აჩენს საქართველოსთან მიმართებით. თუ ომი ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობაა და წინაპირობაა, მაშინ რატომ არ იქცა 2008 წლის აგვისტოს ომი მსგავსი პროცესების კატალიზატორად? საქართველომ საკუთარი ომი უკვე გადაიტანა, გადაიხადა ადამიანური მსხვერპლისა და დაკარგული ტერიტორიების უმძიმესი ფასი. სად იყო მაშინ ევროკავშირი? რატომ არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დასაჩქარებლად?
სწორედ აქ იკვეთება ორმაგი სტანდარტების პრობლემა. როდესაც ერთ შემთხვევაში ომი ხდება პოლიტიკური პროცესების დასაჩქარებელი ფაქტორი, ხოლო მეორე შემთხვევაში იგივე პრინციპი არ მოქმედებს, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, ხომ არ არის საქმე არა ღირებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკასთან, არამედ პოლიტიკურ კონიუნქტურასთან?
ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს მიერ არჩეული გზა. ქვეყანამ უარი თქვა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მას სამხედრო ესკალაციაში ჩაითრევდა და შეინარჩუნა მშვიდობა, სწორედ ამიტომ დღეს საქართველო რეგიონში ეკონომიკური ზრდით ერთ-ერთი ლიდერია და განვითარების მაჩვენებლებით ბევრ ქვეყანას უსწრებს.
რასა იუკნევიჩიენეს განცხადებამ უნებლიეთ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის რეალობა, რომლის დამალვასაც წლების განმავლობაში ცდილობდნენ, ევროკავშირის გაფართოების საკითხში გადამწყვეტი ყოველთვის მხოლოდ რეფორმები და დემოკრატიული პროგრესი არ ყოფილა. როგორც აღმოჩნდა, გარკვეულ ეტაპზე ომმაც შეიძინა პოლიტიკური მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ საზოგადოებას აქვს სრული უფლება დასვას კითხვები და მოითხოვოს მკაფიო პასუხები იმაზე, თუ რა კრიტერიუმებით მიიღება რეალურად გადაწყვეტილებები ევროპულ პოლიტიკაში!“ – წერს ჩიხელიძე.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული