რუსეთი არ აპირებს ნატოს რომელიმე სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმის განხორციელებას წელს ან მომავალ წელს, თუმცა გააგრძელებს თავისი შეიარაღებული ძალების აღდგენას, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.
ესტონეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ეს პროგნოზები მომავალ წელს უცვლელი დარჩება, რადგან ევროპამ მიიღო ზომები, რომლებიც რუსეთს აიძულებს, ყურადღებით განიხილოს თავისი ქმედებები ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ.
„ევროპამ თავდაცვასა და შიდა უსაფრთხოებაში ინვესტიცია უნდა ჩადოს, რათა მომავალში რუსეთი იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ მას ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ არანაირი შანსი არ აქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დაზვერვის ხელმძღვანელმა კაუპო როზინმა.
მისი თქმით, უახლოეს წლებში რუსეთი თავის ძალისხმევას ევროპის გადაიარაღების შეჩერებაზე გაამახვილებს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ძალიან შეშფოთებულია ევროპის გადაიარაღებით, ისინი ხედავენ, რომ ევროპამ, შესაძლოა, ორ ან სამ წელიწადში რუსეთის წინააღმდეგ დამოუკიდებელი სამხედრო მოქმედებების განხორციელება შეეძლოს“, – განაცხადა როზინმა.
დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ცდილობს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაფართოებას, რათა უზრუნველყოს ამერიკული სანქციების მოხსნა.
„ამ ილუზორული დათბობის მიუხედავად, რუსეთის მიზნები უცვლელი რჩება: ის ცდილობს შეერთებული შტატებისა და ნატოს მარგინალიზაციას და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლას“, – ნათქვამია ანგარიშში.


