როდესაც მხარისთვის განაჩენს მნიშვნელობა არ აქვს, სტრასბურგს მნიშვნელობა არ აქვს, მაგალითად, გუშინ გვეუბნებოდნენ, ერთ-ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ბატონ დაჩი ცაგურიასთან - რომელიც პარტიის წევრიაო, რომ ამტკიცებენ და ჩვენი პარტიის წევრი ჩვენი არ არის, არც არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი - რომ, 2006 წელს სასამართლო სხდომა რომ ჩატარდა, იმ სასამართლო სხდომის ოქმი რატომ არ არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშეო. ახლა, მაგალითად, გვეკითხებიან, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე როგორ მიემართება მათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2004-12 წლებში "ნაცმოძრაობამ" შექმნა სისტემა, სადაც ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები ხდებოდა, გამოძიება კი ან არაეფექტურად ხორციელდებოდა, ან საერთოდ არ ხდებოდა. შესაბამისად, გორდულაძის განცხადებით, ეფექტურ კონტროლს მთელ სახელმწიფო სისტემაზე ახორციელებდა "ნაციონალური მოძრაობა" და ის დარღვევები, რაც ამ წლების განმავლობაში მოხდა, ყოველთვის მიემართება აღნიშნულ პარტიას.
"ჩვენ ვამბობთ, რომ კრებსითად ისეთი სისტემა იყო შექმნილი, რომლისთვისაც არ ჰქონდა მნიშვნელობა არც გამოძიებას, არც ადამიანის უფლებას, არც ეფექტიან სასამართლოს, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არის და ამ სისტემის შემქმნელი იყო "ნაციონალური მოძრაობა" და შესაბამისად, როდესაც ამ სისტემის შემქმნელი არის "ნაციონალური მოძრაობა", სადაც ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები ხდება - სიცოცხლის, საკუთრების, ღირსების, წამების აკრძალვის და ა.შ., აქ არის მთელი რიგი საქმეები, რომელიც მოხდა 2004-2012 წლებში, რომელიც ან არაეფექტურად არის წარმოებული, ან მიჩქმალულია, რომ განაჩენი არ დამდგარიყო, ან არ გამოძიებულა და კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება და პასუხისმგებლობის დაყენება მოხდა 2012 წლის შემდეგ. ეს საკითხები არის ჩვენ მიერ ჩამოთვლილი და მათ შორის თუ კონკრეტულად ყოველ საქმისთან დაკავშირებით უნდა იყოს კითხვა, ეს ჩვენ როგორ მოგვემართება, ისევ და ისევ გამომდინარე იქიდან, რომ საქმეებში სადაც არის ასეთი მძიმე დარღვევები, არ არის გამოძიება წარმოებული, არ არიან კონკრეტული პირები პასუხისმგებაში მიცემული და ყველა განაჩენი, ყველა პასუხისმგებლობა დამდგარია 2012 წლის შემდეგ. ეს ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემურ, დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელიც ხდებოდა 2004-2012 წლებში - მაშინ, როდესაც ეფექტურ კონტროლს, ანუ ავტორიტარული რეჟიმის კვალდაკვალ ეფექტურ კონტროლს მთელს სახელმწიფო სისტემაზე, ყველასა და ყველაფერზე ახორციელებდა "ნაციონალური მოძრაობა". სრულად ის დარღვევები, რაც ამ წლების განმავლობაში მოხდა, ყოველთვის მიემართება "ნაციონალურ მოძრაობას" მათ შორის, იმ "ნაციონალურ მოძრაობას", რომ გეუბნებიან, ერთი ლიდერი მაინც დაგვისახელეთ, რომელიც არის ბრალდებული თუ მსჯავრდებულიო, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაინც ვნახოთ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ჯგუფური ძალადობრივი დანაშაულების ორგანიზებისა და კონსტიტუციური ორგანოების ხელში ჩაგდების მცდელობების მიუხედავად, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა ნორმალური ფუნქციონირება განაგრძეს.
გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბოლო წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შეაფასა, მათ შორის, გაიხსენა 2018 წლის პრეზიდენტის ინაუგურაციის მოვლენები, როდესაც ჩაშლის მცდელობა იგეგმებოდა. მ ტყუილი უწოდა ლევან ბეჟაშვილის მტკიცებას იმის შესახებ, რომ თითქოს 2020 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა არ ყოფილა.
"2018 წელს პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობა იყო. ლევან ბეჟაშვილი რამდენიმე დღის წინ ამბობდა, ჩვენ შეგვაჩერეს რამდენიმე კილომეტრით ადრე და საერთოდ არავითარი ჩაშლის სურვილი არ გვქონიაო, მაშინ, როდესაც საჯარო სივრცეში არსებობს ინფორმაცია, და ეს ნიკა მელიას გაკეთებული განცხადებაა. ნიკა მელია, რომელიც ამ წლებში იყო "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ახლა გახლავთ "ახალის" თანათავმჯდომარე, რომელიც დანანებით ამბობს, რომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა მიზანი, ინაუგურაცია ჩაგვეშალა, სამწუხაროდ მისი რეალიზება ვერ მოვახდინეთ იმიტომ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს ყველაფერი აღკვეთეს. 2020 წელთან, ისევ და ისევ ლევან ბეჟაშვილი, ვსაუბრობ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა სცადეს, გაერღვიათ ღობე და შეჭრილიყვნენ ცესკო-ს ტერიტორიაზე, საუბრობდა, რომ მე იმ აქციაზე ვიყავი და ასეთი რამე არ მომხდარაო, რაც არის ტყუილი, იმიტომ, რომ არსებობს ამის დამადასტურებელი არაერთი ვიდეოკადრი, არაერთი ტელევიზიის მიერ მედიასივრცეში დაცული ინფორმაცია, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ აქციის მონაწილეები არღვევენ ღობეს და იჭრებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში.
რაც შეეხება, მაგალითად, 2023 წელს, 2024 წელს, 2025 წელსაც, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო აქციები იღებს კიდევ უფრო მეტად ძალადობრივ ხასიათს. მიზანი არის აბსოლუტურად ერთი და იგივე, რომ ძალადობის გამოყენებით ხალხის ნება, რომ მისი არჩეული ხელისუფლება შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, ეს არის უგულებელყოფილი და ძალადობის გამოყენებით არის ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, რაც გამოიხატება კონსტიტუციური ორგანოების ბლოკირებაში, კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებით და იქ შეჭრაში, რასთან დაკავშირებითაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წარმომადგენელი, ანა წითლიძე სულ რამდენიმე სხდომის წინ დარბაზშიც, არა თუ მანამდე აკეთებდა განცხადებებს, არამედ დარბაზში თქვა, რომ ის იმავე მოქმედებებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, ეს მისივე სიტყვები არის. მანამდე საჯაროდ საუბრობდა, რომ სამწუხარო არის, რომ რეალიზება ვერ მოხდა 2025 წლის 4 ოქტომბრის მიზნისა და რომ ადმინისტრაციული ორგანოების ძალადობრივ ხელში ჩაგდება, ეს არის თურმე კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ესეც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის სიტყვები არის და ისევ და ისევ რა განსხვავება არის 317-ე და 315-ე მუხლებთანო და ამავდროულად, რატომ არ არის დაწყებული ამ მუხლებით გამოძიება, ბოლომდე არ არის მიყვანილი.
მათდა სამწუხაროდ და ჩვენი სახელმწიფოს საბედნიეროდ, სამართალდამცავმა ორგანოებმა, ყველამ ერთობლივად შეძლო, რომ ამ ძალადობების, ამ დანაშაულებრივი ქმედებების მიუხედავად, არ დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციური წყობილების მოწოდება ხდებოდა, ორგანიზება ხდებოდა ჯგუფური ძალადობრივი დანაშაულებისა და ისევ და ისევ კონსტიტუციური ორგანოების ხელში ჩაგდების მცდელობისა, სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე და სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ მცდელობების მიუხედავად განაგრძო ნორმალური ფუნქციონირება არაერთი მცდელობის მიუხედავად და ისევ და ისევ, ეს არის მათთვის სამწუხარო, სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, საბედნიერო",-განაცხადა გორდულაძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაზა ბიბილაშვილის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ძალადობრივი დამხობის მცდელობებს შეეხებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაიხსენა ოპოზიციის მიერ 2019 წლიდან კოსნტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობები.
"ჩვენ გუშინაც ვამბობდით, ახსნა-განმარტებაშიც და სარჩელშიც მითითებული გვაქვს, აქაც მითითებული იყო ეს ყველაფერი - მათ შორის, როდესაც კონკრეტულ განცხადებებზე, ძალადობრივი აქციების მხარდამჭერ განცხადებებზე ვსაუბრობდით, აქაც მითითებული იყო ეს ყველაფერი. სარჩელშიც ორ კონტექსტში არის. მაგალითად, ერთგან 2022-2025 წელი არის მითითებული და ხუთი [დამხობის] მცდელობაა, ამავდროულად მეექვსე არის 2019 წელი. რომ შევაჯამოთ: 2019 წლის ივნისი, 2022 წელი, როდესაც პარტიები ღიად შეუერთდნენ დამხობის მცდელობას, როდესაც არაპარტიულმა პოლიტიკურმა აქტივისტებმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე უარის თქმის ხელოვნური საბაბით საქართველოს მთავრობის გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს - ეს არაძალადობრივი ნაწილია. ძალადობრივი ნაწილი არის 2023 წლის გაზაფხულზე მიმდინარე მოვლენები." - აღნიშნა გორდულაძემ.
ბიბილაშვილის დამაზუსტებელ კითხვაზე, "არაძალადობრივი არის, მაგრამ ამ 5-6 მცდელობაში შედის თუ არ შედის", გორდულაძემ უპასუხა, რომ როდესაც პარტია არ ცნობს ხელისუფლების წყაროს - ხალხის გადაწყვეტილებას, ესეც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
მისივე თქმით, ყოველწლიურად და ზოგჯერ წელიწადში ორჯერაც კი, ოპოზიცია ცდილობდა, სულ უფრო მძიმე ძალადობრივი საშუალებებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება.
"როდესაც შენ არ ცნობ ხალხის გადაწყვეტილებას - ვგულისხმობ პარტიას - როდესაც პარტია არ ცნობს ხელისუფლების წყაროს, ხალხის გადაწყვეტილებას და არაფრად მიიჩნევს დემოკრატიის პრინციპს, რომ ხელისუფლება შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, და ითხოვს ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას და ამაში ჩართული უნდა იყოს პრეზიდენტი, რისი კომპეტენციაც მას არა აქვს, ესეც წყობილების და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
2023 წლის გაზაფხული, 2024 წლის გაზაფხული და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე ძალადობრივი აქციების გზით, ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობები. ამ წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა ფონი, მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები, რათა, დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება და ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგი. ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქცია და ნახეთ, ეს როგორ იყო შეჭრის მცდელობა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 2025 წლის 4 ოქტომბერს. ფაქტობრივად ყოველწლიურად და წელიწადში ორჯერაც კი ხდებოდა მცდელობა, კიდევ უფრო მძიმე ფონით და მძიმე საშუალებებით, ძალადობის გამოყენებით, ხელში ჩაგდებულიყო კონსტიტუციური წყობილება და მთავარი პრინციპი, დემოკრატიის პრინციპი ფეხქვეშ გათელილიყო," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ
დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, რომელიც დისტოპურ რომანის სიუჟეტს დაემსგავსა უკვე…მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს, თუ სხვა დღეს,- ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას.
"ჩემი სამძიმარი ფონიჭალაში დაღუპულების ოჯახებს. მადლობა მაშველებს, რომლებმაც გმირულად იბრძოლეს ხალხის გადასარჩენად.
სიმართლე მძიმეა-სიღარიბით, კორუფციით, ნეპოტიზმით და არაკომპეტენტური მართვით, ქვეყანა სტიქიური უბედურების ზონად იქცა. წინ სავარაუდოდ მხოლოდ უარესი გველოდება.
ისინი კი, ვინც ქვეყანას უნდა მართავდნენ, ხალხის ძარცვით მდიდრდებიან, საკუთარ შვილებს დასავლეთში ხიზნავენ, კაპიტალიც იქ გააქვთ და მალავენ პოტენციური სანქციებისგან.
ქართველ ხალხს კი, მასკარადს უწყობენ, ხან საგამოძიებო კომისიის, ხან პარტიების აკრძალვის პროცესებით.
პარალელურად, ყველა სტრატეგიული მოკავშირე დაკარგეს, რუსების მოთხოვნების შესრულების იქით, გზას არ უტოვებენ საქართველოს.
არაა გასაკვირი, რომ ქართველები გარბიან ამ განუკითხაობისგან უცხოეთში. ახალი გამოსავალიც შესთავაზა მთავრობას მასთან დაახლოებულმა ერთმა საქმოსანმა-ინდოელები ჩამოვასახლოთ მუშა ხელის დეფიციტის შესავსებადო. დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, რომელიც დისტოპურ რომანის სიუჟეტს დაემსგავსა უკვე…მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს, თუ სხვა დღეს"- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში